Gruzínský čaj

From Necyklopedie
Jump to navigation Jump to search
ჩაქვის ჩაის ფაბრიკა, 1909-1915 წლები

1895 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩაი 18 ჰექტარზე იყო საქართველოში გაშენებული. 1899 წელს პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1900 წელს საქართველოში უკვე 23 საცდელი ნაკვეთი იყო, აქედან 9 ოზურგეთის მაზრა ში, 6 ზუგდიდის მაზრაში, 4 სოხუმის ოკრუგში, 2-2 სენაკისა და ქუთაისის მაზრებში.

გადმოცემის თანახმად პირველად ჩაი საქართველოში გამოჩნდა 1770 წელს, როცა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-მ სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა ერეკლე II-ს.

ჩაის პირველი ბუჩქები 1809 წელს მამია V გურიელის ბაღში გაჩნდა. გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. 15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის, ფორთოხლისა და ლიმნის გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. მარის რჩევით, ჩაის ბუჩქი ოზურგეთიდან გორა-ბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში გადაიტანეს. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და 1864 წელს. პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.

1833 წელს კავკასიის მომავალმა მთავარმართებელმა ვორონცოვმა ჩაი ჩინეთიდან გამოიწერა და ყირიმში გააშენა, სადაც ჩაის ბუჩქმა ვერ გაიხარა და ის 1840 წელს სოხუმში გადარგეს. სოხუმში ბუჩქმა გაიხარა და გადმოცემის თანახმად პირველი ნერგი XX საუკუნის 30-იან წლებშიც არსებობდა ბოტანიკურ ბაღში. ამ დროს რუსეთის იმპერიაში აქტიურად დაისვა საკითხი შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის გაშენების შესახებ. ჩაის გაშენების არეალის გაფართოების შესაძლებლობების დადგენის მიზნით, რუსეთის მთავრობამ დააფინანსა რამდენიმე ძვირად ღირებული სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში. მათი დადებითი დასკვნები საბოლოო ჯამში სოხუმის, ქუთაისის და სალხინოს ბაღების გაშენების სტიმული და საფუძველი გახდა. 1854 წელს აკადემიკოსი რუპრეხტი, 1858-ში კი აგრონომი სიტოვსკი წერდნენ ჩაის პექსპექტივის შესახებ. XIX საუკუნის 60-იან წლებში რკინიგზის ხაზის გაყვანა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ჩაის კულტურის განვითარებისთვის. 1872 წელს დაარსდა სააქციო საზოგადოებაც „ერთი მილიონი მანეთით ჩაის გავრცელების საქმეზე“. საზოგადოებამ კალკუტადან გამოიწერა სპეციალისტი ლაიელი და ჩაის ნერგები. 1872 წელს ნერგები ხელმეორედ გამოიწერეს, ამჯერად ხანკოუდან, მაგრამ ყინვების გამო ჩაი გზაში გაფუდა.

1884 წელს, ბოტანიკისა და მებაღეობის საერთაშორისო კონგრესზე პეტერბურგში, აგრონომმა ზეიდლიცმა წაიკითხა მოხსენება შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის გავრცელების შესაძლებლობებზე და უკვე 1 წლის შემდეგ ინჟინერ-პოლკოვნიკმა სოლოვცევმა გამოიწერა ჩაის თესლი და ნერგები ჩინეთიდან და ჩაქვის სადგურის ახლოს, 1,5 ჰექტარზე გააშენა. საქმეში ჩაით მსხვილი მოვაჭრე რუსეთში, პოპოვი ჩაერთო და 90-იანებში ჩაქვში, სალიბაურსა და კაპრეშუმში 14 ჰექტარზე გააშენა ჩინური ჩაის ჯიშები. პოპოვმა ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა ააშენა 1898 წელს სალიბაურში, 1899 წელს კი - ჩაქვში.

ჩაის კულტურების გაშენებას საუფლისწულო საზოგადოებამაც მოჰკიდა ხელი, შეისყიდეს 16 ჰექტარი მიწა ჩაქვში, გაგზავნეს ექსპედიცია ჩინეთსა და ინდოეთში და 1895 წელს გააშენეს კიდეც პლანტაცია. ჩაის სამეთვალყურეოდ ჩინეთიდან მიწვეულ იქნა 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა, დიდგვაროვანი ოჯახიშვილი, ლაო ჯონჯაო. ჯინჯაო და მისი პლანტაცია ფოტოებზე აღბეჭდა იმპერატორის კარის ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ. ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია შენახული. ჯინჯაოს სამართავად ჰქონდა გადაცემული რამდენიმე მამული: კაპრეშუმში – „ნაკრძალი“, სალიბაურში – „სალაღობო“, ჩაქვში - „საამო”. საუფლისწულო მამულებში მუშაობის 10 წლის თავზე იგი მესამე ხარისხის სტანისლავის ორდენით დააჯილდოვეს. 1911 წელს მან ბათუმის მახლობლად, ჩალთაში 1200 მანეთად 10 დესეტინა მიწა შეიძინა და საკუთარი მეურნეობა მოაწყო. 1918 წელს კი პირველი პროდუქციაც გამოუშვა ჩაი. 1919 წელს ჯინჯაოს მეურნეობა თურქეთის საოკუპაციო ჯარებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს.

გარდა პოპოვისა და საუფლისწულო პლანტაციებისა, ცნობილი იყო სინიცინის პლანტაცია სოფელ ყარადერეში და ერმილე ნაკაშიძის პლანტაცია გურიაში. ნაკაშიძეს ჰქონდა 4 ცხენისძალიანი ჩაის გადამამუშავებელი დანადგარი და უშვებდა ჩაის სავაჭრო ნიშნით „ერმილიტა“.